ირაკლი ჩხვირკია - 2008 წელს სახლიდან გავიქეცი, რომ ომში მიმეღო მონაწილეობა, 2022 წელს, უკრაინაში ვიყავი საბრძოლველად - თუ აქ, ათონელის სასახლესთან ვიღაცას მოვუწოდებდი და მერე გავიქეცი, ასეთი ირაკლი ჩხვირკიას დედა ვატირე! - Palitra News

ირაკლი ჩხვირკია - 2008 წელს სახლიდან გავიქეცი, რომ ომში მიმეღო მონაწილეობა, 2022 წელს, უკრაინაში ვიყავი საბრძოლველად - თუ აქ, ათონელის სასახლესთან ვიღაცას მოვუწოდებდი და მერე გავიქეცი, ასეთი ირაკლი ჩხვირკიას დედა ვატირე!

2026-01-15 14:34:42+04:00

თუ ირაკლი ჩხვირკია ძალადობრივ მოქმედებას სჩადიოდა, რატომ ვერც ერთმა კადრმა ვერ აჩვენა? იგივე წარმატებით შეუძლია პროკურატურას ბრალი წამიყენოს, რომ ყაველაშვილის მკვლელობისთვის ან გაუპატიურებისთვის შევდიოდი, - ამის შესახებ 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა ირაკლი ჩხვირკიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

სწორედ მის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ მოტანილი ვიდეომასალა გამოიკვლიეს სხდომაზე, რასთან დაკავშირებითაც ჩხვირკიამ ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მასალით მისი ბრალი ვერ დასტურდება.

„2008 წელს სახლიდან გავიქეცი, რომ ომში მიმეღო მონაწილეობა, ჯარშიც არ ვარ ნამყოფი, დედისერთა ვარ, 2022 წელს, უკრაინაში ვიყავი საბრძოლველად...

თუ აქ [ათონელის სასახლესთან] ვიღაცას მოვუწოდებდი და მერე გავიქეცი, ასეთი ირაკლი ჩხვირკიას დედა ვატირე!

შემრცხვა ჩემი თავის, პროკურორმა რომ თქვა, თურმე მოვუწოდე ვიღაცას და შემდეგ გამოვიქეცი.

ამ ვიდეოში ჩანს, რომ გაზისგან თვალები მეწვის და მერე გამოვდივარ.

წინა ვიდეოები, რომელიც გამოვიკვლიეთ, აღმოვაჩინე, რომ სასახლის ეზოში პოლიციელები დგანან, გულზე ჩამწერი კამერები უკეთიათ, სამხრე კამერები ჩართული ჰქონდათ, გარდა ამისა, როგორც ვაჟამ [პროკურორმა] ბრძანა, პოლიციელები მიმდინარე პროცესს იღებდნენ, აღმოჩნდა, რომ მთელ ამ ორომტრიალში, ამდენი ტელევიზია რომ იღებდა, კაფეების და რესტორნის კამერები იყო, ერთადერთი კადრი აქვთ ჩხვირკიას წინააღმდეგ, სადაც თვალები ეწვის, თან მოუწოდებს თანამებრძოლებს და თან გარბის? რატომ მოხდა რომ არც ერთ სხვა მოქმედებაში ჩხვირკია არ ჩანს? თუ ირაკლი ჩხვირკია ძალადობრივ მოქმედებას სჩადიოდა, რატომ ვერც ერთმა კადრმა ვერ აჩვენა? იგივე წარმატებით შეუძლია პროკურატურას ბრალი წამიყენოს, რომ ყაველაშვილის მკვლელობისთვის ან გაუპატიურებისთვის შევდიოდი. მართლა შეურაცხყოფილი ვარ, ასეთი რამე რომ მაკადრეს, თურმე, ირაკლი ჩხვირკია ბრძოლის ველიდან გარბოდა",- განაცხადა ჩხვირკიამ.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.