შალვა პაპუაშვილი - სახელმწიფო დროშის დღეს ევროკავშირის საელჩოს მხრიდან ვიხილეთ უხამსი, დროშის შეურაცხმყოფელი კადრებით ქართველი ხალხისადმი „მილოცვა“ - ჩემი რჩევა იქნებოდა, ვიდეო, საკუთარი გვერდიდან აიღონ - Palitra News

შალვა პაპუაშვილი - სახელმწიფო დროშის დღეს ევროკავშირის საელჩოს მხრიდან ვიხილეთ უხამსი, დროშის შეურაცხმყოფელი კადრებით ქართველი ხალხისადმი „მილოცვა“ - ჩემი რჩევა იქნებოდა, ვიდეო, საკუთარი გვერდიდან აიღონ

2026-01-15 15:03:17+04:00

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ევროკავშირის საელჩოს მხრიდან ვიხილეთ უხამსი, საქართველოს დროშის შეურაცხმყოფელი კადრებით, ქართველი ხალხისადმი „მილოცვა“, რა თქმა უნდა, ეს უხამსობა აბსოლუტურად მიუღებელია,-ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული ვიდეო.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს იყო „ევროკავშირის საელჩოს მხრიდან სამარცხვინო აქტი“ და საელჩომ ვიდეორგოლი უნდა აიღოს.

„თუკი მაინც და მაინც ევროკავშირის საელჩოს მოლოცვა უნდოდა, იქნებ ბოლოს და ბოლოს ევროკავშირმა აიღოს მაგალითი აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისგან. ენახათ თუნდაც, გუშინ როგორ მიულოცა აშშ-ის საელჩომ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე. ის, რასაც ჩვენ პოლიტიკურ სივრცეში ვხედავთ, ღირებულებითაც აცდენილია ევროკავშირი და აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, ზუსტად იგივე ვიხილეთ ჩვენ საელჩოების დონეზე. ეს კონტრასტი, რომელიც გუშინ იყო, ძალიან კარგად აჩვენებს იმ ცივილიზაციურ უფსკრულს, საითკენაც მიაქანებს დღეს ბრიუსელის ბიუროკრატია.

ვნახეთ, რომ ეს იყო ძალადობის გამართლების, რომანტიზების, მათ შორის მხარდაჭერის აქტი. საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ევროკავშირის საელჩოს მხრიდან ვიხილეთ უხამსი, საქართველოს დროშის შეურაცხმყოფელი კადრებით, ქართველი ხალხისადმი „მილოცვა“, რა თქმა უნდა, ეს უხამსობა აბსოლუტურად მიუღებელია. თავად ევროკავშირის ელჩი სიტყვები რომ გამოვიყენო, ეს არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი, რაც ჩვენ გუშინ ევროკავშირის საელჩოს სოციალური მედიის გვერდზე ვნახეთ. ეს უხამსობა უნდა შეწყდეს. მე მათ ადგილას ამ ვიდეოს საერთოდ ავიღებდი, ვინაიდან ეს უხამსობა ქართული დროშის, ქართველი ხალხის შეურაცხყოფა და უპირველეს ყოვლისა, თავად ევროპის იდეის. პრინციპში, ეს იყო გარკვეული პოლიტიკური გზავნილიც., ამაზე გასაგებად როგორ უნდა გვითხრან, ვისგან არის სიძულვილი და ძალადობა შთაგონებული, დაფინანსებული და მართული. ეს არის ის, რაც გუშინ ვიხილეთ ამ სამარცხვინო აქტით ევროკავშირის საელჩოს მხრიდან. ჩემი რჩევა იქნებოდა, მათ ადგილას უხამსი, საქართველოს დროშის შეურაცხმყოფელი,ქართველი ხალხის შეურაცხმყოფელი და ძალადობის წამაქეზებელი „მილოცვა“ და ვიდეო, საკუთარი გვერდიდან აიღონ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ "ბრიუსელის დღევანდელი ბიუროკრატია და ევროკავშირის დღევანდელი ხელმძღვანელობა აცდენილი არიან ევროპელი ხალხის ინტერესებს".

„ეს არის მთავარი პრობლემა, რაც შემდეგ მთავარ პრობლემებს იწვევს. ბრიუსელის ბიუროკრატია დღეს მოქმედებს მათთვის გარედან თავს მოხვეული დღის წესრიგით, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება ევროპელი ხალხის ინტერესებს. ეს აისახება, მათ შორის საქართველოსთან ურთიერთობაში და ზოგადად, საგარეო პოლიტიკაში, რომელიც დღეს აშკარად არაპროფესიონალურია. შედეგები ჩანს კიდეც ევროკავშირისთვის, რომელიც სერიოზული მოლაპარაკებების, განხილვების, მათ შორის იმის სერიოზული მონაწილე არ არის, რაც ევროპის კონტინენტს ეხება. თავადაც ხშირად აღნიშნავენ, რომ „ევროკავშირი უფრო მენიუშია, ვიდრე მაგიდასთან ზის“. ამ ხატოვან გამოთქმას თავად ევროპელები იყენებენ უკვე ევროკავშირთან დაკავშირებით“,-განაცხადა პაპუაშვილმა.