ჯუანშერ ბურჭულაძისა და მასთან ერთად დაკავებული, გიორგი ხაინდრავას, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესზე სამი მოწმე დაიკითხა - რა განაცხადეს მოწმეებმა - Palitra News

ჯუანშერ ბურჭულაძისა და მასთან ერთად დაკავებული, გიორგი ხაინდრავას, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესზე სამი მოწმე დაიკითხა - რა განაცხადეს მოწმეებმა

2026-01-15 15:59:47+04:00

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და მასთან ერთად დაკავებული, გიორგი ხაინდრავას, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესზე სამი მოწმე დაიკითხა. ერთ-ერთი ბიზნესმენი დავით დავითაშვილი იყო. სწორედ, მან მიჰყიდა თავდაცვის სამინისტროს მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი. ბიზნესმენის ჩვენების მიხედვით, მისი საქმიანობა ტექნოლოგიების მიმართულებას ეხება, თუმცა, უსაფრთხოების ნაწილში. ბიზნესმენის თქმით, სამედიცინო აპარატურების მიმართულებით გამოცდილება მას არც მანამდე და არც შემდეგ, არ ჰქონია.

დავითაშვილის თქმით, მას მეგობრისგან ჰქონდა შემოთავაზება, ტენდერში მიეღო მონაწილეობა. მისი ჩვენებით, მაგნიტორეზონანსული აპარატის შესყიდვის შემდეგ, მას თავდაცვის სამინისტროსგან 3 940 000 ლარი ჩაერიცხა.

შემდეგი მოწმე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ივანე არჯევნიშვილი იყო.

ის სამინისტროში შესყიდვებზე პასუხისმგებელი პირია. აღნიშნული მოწმის დაკითხვისას კითხვები დასვა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმაც. მან პროკურორს კითხვის ფორმულირება რამდენჯერმე შეუსწორა.