გიორგი სიორიძე - ქიმიური მოწამვლის საქმემ მთლიანად ჩამოშალა „ქართული ოცნების“ პროპაგანდა - ახლა კი, თურმე, რაღაც კომუნიკაციების კომისიის ეკვივალენტურ ორგანოში უჩივლიათ BBC-ისთვის - Palitra News

გიორგი სიორიძე - ქიმიური მოწამვლის საქმემ მთლიანად ჩამოშალა „ქართული ოცნების“ პროპაგანდა - ახლა კი, თურმე, რაღაც კომუნიკაციების კომისიის ეკვივალენტურ ორგანოში უჩივლიათ BBC-ისთვის

2026-01-15 17:04:33+04:00

თუ იარსებებს ასეთი საერთაშორისო დავა, ის უნდა დაეყრდნოს საერთაშორისო გამოძიებას, რომელიც დაადგენს, თუ რით მოგვწამლეს 2025 წლის დეკემბერში და არა იმ სპექტაკლს, სუს-მა 5 დღის განმავლობაში რომ ჩაატარა სიმართლის დასამალად, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, რითაც შეაფასა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, BBC-ისთვის ოფიციალური საჩივრით მიმართვის შესახებ.

სიორიძის თქმით, „ქიმიური მოწამვლის საქმემ „ქართული ოცნების“ პროპაგანდა მთლიანად ჩამოშალა“.

„ქიმიური მოწამვლის საქმემ მთლიანად ჩამოშალა „ქართული ოცნების“ პროპაგანდა. მათ დაგვიანონსეს დიდი საერთაშორისო დავა BBC-ის წინააღმდეგ. ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ არ გვინახავს არანაირი მცდელობა. ახლა კი, თურმე, რაღაც კომუნიკაციების კომისიის ეკვივალენტურ ორგანოში უჩივლიათ BBC-ისთვის. რეალურად თუ იარსებებს ასეთი საერთაშორისო დავა, ის უნდა დაეყრდნოს საერთაშორისო გამოძიებას, რომელიც დაადგენს, თუ რით მოგვწამლეს 2025 წლის დეკემბერში და არა იმ სპექტაკლს, სუს-მა ხუთი დღის განმავლობაში რომ ჩაატარა სიმართლის დასამალად“,- განაცხადა სიორიძემ.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა. შესაბამისი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

მისივე ინფორმაციით, მმართველი გუნდი BBC-სგან ბოდიშის მოხდასა და მასალების აღებას ითხოვს.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა განმარტა, საჩივარი სრულად ეყრდნობა BBC-ის სარედაქციო პრინციპებს, ბრიტანეთის კომუნიკაციის ბიუროს მაუწყებლობის კოდექსს, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომელიც მკაფიოდ ადგენს, რომ მძიმე ბრალდებების გავრცელებისას ჟურნალისტს ეკისრება უმაღლესი სიზუსტის, გადამოწმებისა და სამართლიანობის ვალდებულება.

მისივე თქმით, თუ BBC თავად არ გამოასწორებს დარღვევას, შემდეგი ეტაპი არის ბრიტანეთის კომუნიკაციების ბიუროსადმი (ოფკომს) მიმართვა, ხოლო თუ იქაც არ აღმოიფხვრა დარღვევა, ამის შემდეგ მიმართავენ დიდი ბრიტანეთის სასამართლოს.