შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, დღეს ქვეყნის მასშტაბით, რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს - დამნაშავეები განსაკუთრებული სისასტიკით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე. დაკავებულთა შორის 10 არასრულწლოვანია.
თვეების განმავლობაში, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ძალადობრივი დაჯგუფებების წევრები თავს მოიხსენიებდნენ ნეონაცისტებად და ხელმძღვანელობდნენ ფაშისტური იდეოლოგიით.
დაჯგუფებების წევრები მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული ძალადობის, ღირსების შემლახველი ქმედებების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას მობილური ტელეფონით იღებდნენ და სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმაზე აქვეყნებდნენ.
აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაზარალებულია ათზე მეტი პირი, მათ შორის 4 არასრულწლოვანი.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ერთდროულად რამდენიმე მუხლით, რაც სასჯელის სახით 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.