აშშ-ის სამხედრო ჯგუფის წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 234 150 ამერიკული დოლარის ღირებულების სახანძრო და საკომუნიკაციო აღჭურვილობა გადასცეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა აშშ-ის სამხედრო ჯგუფის დელეგაციას და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ალან პერსელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უმასპინძლეს. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს გაწეული მხარდაჭერისთვის, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ გადმოცემული სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს მეხანძრე-მაშველების ოპერატიულ შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციებზე ეფექტიან რეაგირებას.