BBC-ის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია, ისევე როგორც 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე ერთადერთ მიზანს ემსახურება - როგორმე გააქრონ ივანიშვილის როლი, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, პარლამენტარი გიორგი შარაშიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
როგორც შარაშიძე წერს, ქიმიური ნივთიერების გამოყენების კანონიერების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივაც სწორედ იმიტომ ჩააგდო „ქართულმა ოცნებამ“, რომ ხელი მთავარი დამნაშავისთვის დაეფარებინა.
„BBC-ის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია, ისევე როგორც 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე ერთადერთ მიზანს ემსახურება - როგორმე გააქრონ ივანიშვილის როლი და არ დაუშვან სიმართლის დადგენა იმ მთავარ კითხვასთან დაკავშირებით, თუ ვის შეეძლო ისეთი გავლენის მოხდენა, რომ 20 ივნისს გახარიას გვერდის ავლით რეზინის ტყვიები, ხოლო 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში წყალში აკრძალული ქიმიური ნივთიერება გამოეყენებინათ.
ქიმიური ნივთიერების გამოყენების კანონიერების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივის ჩაგდება ოცნების მიერ მორიგი დასტურია იმისა, რომ ოცნება ყველაფერს აკეთებს მთავარი დამნაშავისთვის ხელის დასაფარებლად, რადგან ამ კომისიის მიერ ჩატარებული გამოძიება ლოგიკურად მიგვიყვანდა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანების გამცემის ვინაობის დადგენასთან.
სწორედ ამიტომ, დაადო ოცნებამ 20 ივნისის საქმის მასალების ნაწილს გრიფით საიდუმლო და ამიტომ ცნო დაუშვებლად ისეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, როგორიცაა ივანიშვილისა და ოცნების მაღალჩინოსნების სხვადასხვა დროს – 2019 წლის ივნისსა და 2024 წლის ოქტომბერში საჯაროდ გაკეთებული განცხადებები.
სამართალს ვერავინ დაემალება და სიმართლე აუცილებლად დადგინდება, ოღონდ არა ოცნების ხელისუფლების პირობებში. პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა!“ - წერს შარაშიძე.