საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიცირებული საქონლის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ქალაქ რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე მდებარე „დაცვის კომპანია ალგანი“-ს ოფისში ამზადებდნენ სხვადასხვა ბრენდული დასახელების არყებს, ასევე ბეჭდავდნენ ყალბ აქციზურ მარკებს, რომლითაც აღნიშნულ ალკოჰოლურ სასმელებს ეტიკეტირებას უკეთებდნენ. დამზადებული ფალსიფიცირებული პროდუქცია რეალიზდებოდა ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არსებულ სარეალიზაციო პუნქტებსა და კვების ობიექტებში.თავის მხრივ, „დაცვის კომპანია ალგანი“ კატეგორიულად უარყოფს კომპანიის კავშირს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღწერილ უკანონო ქმედებებთან.აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ქმედებები კომპანიის საქმიანობას არ უკავშირდება და ხორციელდებოდა დამოუკიდებლად, კომპანიის თანამშრომლის მიერ.ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200¹ მუხლის მე-2 ნაწილითა და 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.