რუსეთმა უკრაინას 200-ზე მეტი დრონით შეუტია, დარტყმა 15 ლოკაციაზე დაფიქსირდა - Palitra News

რუსეთმა უკრაინას 200-ზე მეტი დრონით შეუტია, დარტყმა 15 ლოკაციაზე დაფიქსირდა

2026-01-18 12:10:59+04:00

რუსულმა ძალებმა უკრაინას ღამით 201 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, უკრაინელებმა მათგან 167 გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დრონებით დარტყმა 15 ლოკაციაზე დაფიქსირდა.

უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვში დრონით თავდასხმის შედეგად კერძო სახლი დაზიანდა და 20 წლის ქალი დაიღუპა, ორი ადამიანი კი დაშავდა.

ზაპოროჟიეს ოლქზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შემდეგ, ქალაქი ვოლნიანსკი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა და კრიტიკული ინფრასტრუქტურა სარეზერვო წყაროზე გადაერთო.

„მტრის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ვოლნიანსკის თემში 15 000-ზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სპეციალისტები მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ ელექტროენერგიის რაც შეიძლება სწრაფად აღსადგენად“, - განაცხადა ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფედოროვმა.