BBC-ის დოკუმენტური ფილმის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელს ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა. მათი მტკიცებით, გასული წლის საპროტესტო აქციებზე წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერება ნამდვილად შერეული იყო. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ხელისუფლების მოთხოვნა, ბიბისიმ დოკუმენტური ფილმი წაშალოს და ბრიტანულმა მაუწყებელმა საქართველოს ბოდიში მოუხადოს, არ დაკმაყოფილდება. ოპოზიციის განცხადებით, გამოძიება საერთაშორისო მისიებმა უნდა ჩაატარონ და ამ გზით, საკითხზე ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცეს.