მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 ადამიანი შეიწყალა. ბოლო ინფორმაციით, შეწყალებულ პირებს შორის აქციებზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტები არ არიან. 159 კაციან სიაში ვერ მოხვდა ვერც ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. მიხეილ ყაველაშვილის მხრიდან შეწყალების აქტის გამოცემას გვიან ღამემდე ელოდებოდნენ მსჯავრდებული სამოქალაქო აქტივისტების ოჯახის წევრები. ისინი გლდანის ნომერ მერვე პენიტენციურ დაწესებულებასთან შეიკრიბნენ. ამბობენ რომ მათი ოჯახის წევრების არ შეწყალებით, ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ომი საბოლოოდ გამოაცხადა და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაზე უარი თქვა.