ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მოსანახულებლად მისი ძმა შევიდა. ინფორმაციას „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.
მზია ამაღლობელის ძმა ქალთა პენიტენციურ დაწესებულებასთან გუშინ დილით მივიდა და ამ დრომდე იქ იმყოფება.
ცნობისთვის, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 159 პირი შეიწყალა. იყო მოლოდინი, რომ შეწყალება შესაძლოა, შეხებოდათ აქციების დროს დაკავებულ პირებს, თუმცა ჯერ უცნობია იმ პირთა სია, ვინ შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა.
ცნობისთვის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს. მას 6 აგვისტოს, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. კერძოდ, მას მსჯავრი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით.