ადგილობრივმა ექსპორტმა 3.3 მლრდ დოლარს გადააჭარბა - ქართული პროდუქციის გასაღების მთავარი ბაზარი კი ისევ რუსეთია. საქართველოდან ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს ადგილობრივმა ექსპორტმა (რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 46.2 პროცენტი შეადგინა, ეს კი წინა წელთან შედარებით 12.5 პროცენტით გაზრდილი მაჩვენებელია და 3. 3 მლრდ დოლარს აჭარბებს. მთლიანად კი, 2025 წელს საქართველოდან გასული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) დაახლოებით 7.3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 11.2 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ისევ რუსეთია, მას მოსდევს ჩინეთი და თურქეთი. ამავე მონაცემებით, ადგილობრივი პროდუქციის საექსპორტო ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატებია და მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, რომლის წილის მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.9 პროცენტია, ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7-იანი წილით.