საქართველოს სახელმწიფო ვალი 9.2 მლრდ დოლარს აჭარბებს - Palitra News

საქართველოს სახელმწიფო ვალი 9.2 მლრდ დოლარს აჭარბებს

2026-01-20 13:45:07+04:00

საქართველოს სახელმწიფო ვალი 9.2 მლრდ დოლარს აჭარბებს. წლიური ზრდა კი 8%-ია. დღევანდელი გაცვლითი კურსით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 25 მლრდ ლარს აჭარბებს, რაც თითქმის 703 მლნ დოლარით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით უშუალოდ მთავრობის საგარეო ვალი 8.9 მლრდ დოლარს აჭარბებს, აქედან მრავალმხრივი კრედიტორების დავალიანება დაახლოებით 7 მილიარდი დოლარია, ორმხრივი კრედიტორების კი მილიარდ ნახევარ დოლარზე მეტი. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულება 301 მლნ დოლარს შეადგენდა. ისევე როგორც წინა წლებში, 2025 წლის დეკემბრის მონაცემებითაც, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).