2025 წელს მილიარდერების საერთო ქონებამ 18.3 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია Oxfam-ი თავის ანგარიშში წერს, რომ პირველად ისტორიაში მსოფლიოში მილიარდერების რაოდენობამ 3000-ს - გადააჭარბა და მათი სიმდიდრის დონე ამჟამად ყველა დროის ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა. უფრო კონკრეტულად, მილიარდერების საერთო სიმდიდრე 2025 წელს 2.5 ტრილიონი დოლარით 18.3 ტრლნ დოლარამდე გაიზარდა, რაც თითქმის კაცობრიობის უღარიბესი ნახევრის, ანუ 4.1 მილიარდი ადამიანის, საერთო ქონების ექვივალენტურია. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელმა მილიარდერებმა თავისი ქონების ყველაზე მკვეთრი ზრდა დააფიქსირეს, მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში, მილიარდერები ასევე საოცარი სისწრაფით გამდიდრდნენ. „სუპერმდიდრების უზარმაზარმა გავლენამ პოლიტიკოსებზე, ეკონომიკასა და მედიაზე გააღრმავა უთანასწორობა და სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის გზიდან ძალიან შორს წაგვიყვანა“, - განაცხადა Oxfam International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ამიტაბ ბეჰარმა. ანგარიშში მოყვანილია მილიარდერების მიერ მედიის შესყიდვის რამდენემე მაგალითი, მათ შორის Amazon-ის მფლობელის, ჯეფ ბეზოსის მიერ The Washington Post-ის შეძენა, მასკის მიერ Twitter/X-ის შეძენა, პატრიკ სუნ-შიონგის მიერ Los Angeles Times-ის შეძენა და ულტრამემარჯვენე მილიარდერის, ვინსენტ ბოლორეს მიერ ფრანგული CNews-ის ფლობა. ორგანიზაციის ყოველწლიური ანგარიში მზარდი უთანასწორობის შესახებ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიური შეხვედრის გახსნაზე გამოქვეყნდა. ფორუმზე შვეიცარია მსოფლიოს თითქმის 1000 უმდიდრეს ადამიანს, პოლიტიკურ ლიდერებსა და მიწვეულ აქტივისტებს ყოველწლიურად მასპინძლობს.