რა უნდა მოვინანიო? ისევ ისე ავიმაღლებ ხმას უსამართლობაზე, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს დაკავებულმა, ჯგუფურ მოქმედებაში მსჯავრდებულმა რევაზ კიკნაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.
დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.
„დავიწყოთ სოლიდარობით, სოლიდარობას გამოვუცხადებ დიქტატორის წინააღმდეგ მებრძოლ ირანელებს, ყველამ მაგალითი უნდა აიღოს, ვინც საკუთარ თავზე წინ ქვეყნის კეთილდღეობას აყენებს.
მინდა ყოველდღე დავსვა კითხვა, თუ რით მოგვწამლეს 28 ნოემბრიდან დეკემბრამდე. ხომ უნდა ვიცოდეთ რა ქიმიურ ნივთიერებებს უშვებდნენ? ვიდრე პასუხს არ მივიღებთ, ინტენსიურად უნდა ვიკითხოთ, რადგან ორმაგს გააკეთებენ მერე და ხმის ამომღებიც არავინ იქნება.
მოსამართლეს ვკითხავდი, თვითონ თუ ფიქრობს, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი აშხაბადში წყდება? იმ დროს, როცა ამბობდნენ ევროპა არ გვინდაო, გარეთ გამოსვლა ვალდებულება იყო და არა დანაშაული და ჩვენ დანაშაულად ჩაგვითვალეს. ეს იმიტომ ხდება, რომ ეს ყველაფერი გავუტარეთ და დღეს, გვეუბნებიან, რომ ჩვენი ბედი აშხაბადში წყდება. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ჩუმად იყავით ბატონო მოსამართლევ, ბატონო პროკურორო.
ვუყურებ ქვეყანაში სიტუაციას, დათა თუთაშხიადან არქიფო სეთურის ნახირი მახსენდება და იმას შევადარებდი, ვინც კიდევ მთავრობას უჭერს მხარს... რა უნდა მოვინანიო, ისევ ისე ავიმაღლებ ხმას უსამართლობაზე. შერჩევით სამართალს უნდა შევეხო, მაგალითად, რაც მახსენდება, ზვიადაურია, მკვლელობისთვის არაა დაჭერილი, ტერიშვილმა ქაღალდი ისროლა და იმაზე მეტ ხანს უნდა იჯდეს, ვიდრე ზვიადაური.
გიგა ავალიანის საქმეს უნდა შევეხო, იმათ [ბრალდებულებს] არ უკვალიფიცირებდნენ ვიდრე დედამ არ ამოიღო ხმა და ჩვენ ჯგუფურობას გვედავებიან.
ხალხნო, არასდროს შეგეშინდეთ ერთი სიტყვის - რევოლუციის, რევოლუცია მშვიდობის საწინდარია, ყველაფერი არეული რევოლუციით ლაგდება“, - განაცხადა კიკნაძემ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი - ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა - ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ.მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თითოეულ ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დაკავებულ 11 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. მოსამართლე გალუსტაშვილმა აღნიშნული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.
პროკურატურა მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობას თავდაპირველად წარდგენილი მუხლით ითხოვს, დაცვის მხარე კი საერთოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.