„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, პარლამენტის 41 დეპუტატს ბიზნესთან აქვს კავშირი - Palitra News

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, პარლამენტის 41 დეპუტატს ბიზნესთან აქვს კავშირი

2026-01-21 12:53:35+04:00

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, პარლამენტის 41 დეპუტატს ბიზნესთან აქვს კავშირი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ „ქართული ოცნების“ დეპუტატების ბიზნესთან, სახელმწიფო შესყიდვებთან და პარტიული შემოწირულობებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კვლევის თანახმად, 7 კომპანიას, რომლებშიც დეპუტატები ფლობენ წილს, მოგებული აქვს 271 ტენდერი. 13 კომპანიას, რომლებშიც დეპუტატები ფლობენ წილს, მოგებული აქვთ 301 გამარტივებული შესყიდვა. ორგანიზაციის ცნობითვე, იმ კომპანიებმა, რომლებშიც “ქართული ოცნების“ დეპუტატები ფლობენ წილს, გამარტივებული შესყიდვებში მონაწილეობით სახელმწიფოსგან 7 736 986 ლარი მიიღეს. ამასთან, როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აცხადებს, იმ კომპანიებმა, რომლებშიც “ოცნების“ მოქმედი დეპუტატები ფლობენ წილს, ტენდერების მოგების შემდეგ 465 900 569 ლარი მიიღეს.

გარდა ამისა, ორგანიზაციის ცნობით, მოქმედ დეპუტატებს 2012 წლიდან შეწირული აქვთ 2 738 586 ლარი. აქედან: - 66 500 ლარი “ნაციონალურ მოძრაობას“, 39 000 ლარი - “ხალხის ძალას“, ხოლო 2 633 086 ლარი “ქართულ ოცნებას“ და მის საპრეზიდენტო კანდიდატს (სალომე ზურაბიშვილი).

“კვლევა საჯაროდ არსებულ წყაროებს ეყრდნობა. კვლევაში არსებული მონაცემები არის 2025 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით და მოიცავს იმ დეპუტატების მონაცემებს (87 დეპუტატი), რომლებიც ამ დროისათვის პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობდნენ.

კვლევაში განხილულია პარლამენტის წევრების ბიზნეს კავშირები (წილები კომპანიებში), გამარტივებულ შესყიდვებსა და ტენდერებში დეპუტატების კომპანიების მონაწილეობა, წინასაარჩევნოდ დეპუტატების მიერ განხორციელებული პოლიტიკური დონაციები.