2025 წელს, „თბილისი პარკინგის“ თანამშრომლების მიერ გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტი 17 მილიონ ლარზე მეტით შეივსო. კერძოდ, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, გასული წლის იანვარ-დეკემბერში, პარკირების ჯარიმებიდან ბიუჯეტში 17 მილიონ 527 ათას 91 ლარი შევიდა, მაშინ როცა 2024 წელს ხაზინაში 17 მილიონ 31 ათას 372 ლარის აკუმულირება მოხდა. აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. უფრო კონკრეტულად, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, გასულ წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ხაზინაში 276 მილიონ 885 ათას 325 ლარი შევიდა, 2024 წელს კი - 218 მილიონ 92 ათას 463 ლარი.