თბილისში უძრავი ქონების ბაზარი 17%-ით გაიზარდა და 384 მილიონ დოლარს მოაღწია. „თიბისი კაპიტალის“ ყოველთვიურ მიმოხილვაში ვკითხულობთ, რომ 2025 წლის დეკემბერში დედაქალაქში 4 385 ტრანზაქცია შედგა, რაც 2024 წლის დეკემბრის მაჩვენებელს 11%-ით აღემატება. ხოლო 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ჯამური გაყიდვები გაზრდილია 4%-ით. ანალიტიკოსების შეფასებით, მსგავსი ზრდა განპირობებული იყო დიდი სამშენებლო პროექტების ექსპლუატაციაში მიღებით. რაც შეეხება ფასს, კვ.მ-ს საშუალო გასაყიდი ფასი 1 341 დოლარს გაუტოლდა და წლიურად 6%-ით გაიზარდა. ხოლო გასაქირავებელმა ფასმა კვ.მ-ზე 10 დოლარი და 10 ცენტი შეადგინა, რაც 9%-ით ნაკლებია 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით.როგორც კვლევაშია ნათქვამი, 2025 დეკემბერში 750 ახალი ბინა გაიყიდა და წლიურ ჭრილში 24%-იანი კლება დაფიქსირდა. რაც შეეხება ძველ ბინებს, ტრანზაქციების რაოდენობამ 3 635 შეადგინა, რაც 2024 წლის დეკემბერთან შედარებით, 23%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ თანახმად, 2025 წლის დეკემბერში, გაყიდული ბინების უდიდესი წილი კვლავ 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის მქონე ბინებს უკავია, რაც მთლიანი გაყიდვების 44%-ს შეადგენს. 125 კვ.მ-ზე მეტი ფართობის მქონე ბინებმა კი ჯამური გაყიდვების მხოლდო 4% დაიკავა და გასული თვის დონეზე შენარჩუნდა.