პროდუქტების, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების რეგულირების მიზნით შექმნილი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია მუშაობას განაგრძობს. კომისიის მიზანია ფასების შემცირება და იმ ფაქტორების შესწავლა, რომლებიც საქართველოში, მათ შორის სურსათზე, 86 პროცენტამდე ფასნამატს იწვევს. სამი შეხვედრის ფარგლებში მთავრობის მეთაური ბიზნესის, სადისტრიბუციო კომპანიებისა და სხვადასხვა სასურსათო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეები აცხადებენ, რომ ფასების შემცირების პოტენციალი რეალურად არსებობს. ბიზნესი მათივე ინიციირებული მექანიზმებით ფასების დაკლებაზე მზადყოფნას გამოთქვამს. საკითხის განხილვას პარლამენტი საგაზაფხულო სესიიდან დაიწყებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ხელისუფლება საკანონმდებლო ცვლილებებსაც არ გამორიცხავს.