ახალი ბინების გაყიდვები შემცირდა, ძველის კი გაიზარდა. გასული წლის დეკემბერში, თბილისში 4 385 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 11%-იანი ზრდაა. მონაცემებს „თიბისი კაპიტალი“ აქვეყნებს.
კვლევის თანახმად, გასული წლის დეკემბერში 1 კვ.მ-ის საშუალო გასაყიდი ფასი 1 341 დოლარს შეადგენდა, რაც წლის ჭრილში 6%-იან გაძვირებაზე მიანიშნებს. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის დეკემბერში დედაქალაქში ახალი ბინების გაყიდვები შემცირდა, ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების ზრდა აღინიშნა. როგორც კვლევიდან ირკვევა, დეკემბერში, თბილისში 750 ახალი ბინა გაიყიდა, რაც 24%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. რაც შეეხება ძველ ბინებს, ტრანზაქციების რაოდენობამ 3 635 შეადგინა, რაც 2024 წლის დეკემბერთან შედარებით 23%-ით მაღალი მაჩვენებელია. ახალი ბინების წილი ჯამურად გაყიდული ბინების რაოდენობაში მცირედით, 17%-მდე გაიზარდა. 2025 წლის დეკემბერში გაყიდული ბინების უდიდესი წილი კვლავ 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის მქონე ბინებს უკავია, რომელიც მთლიანი გაყიდვების 44%-ს შეადგენს.