საქართველომ 2025 წელს რეკორდული, 680 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტი შეიძინა. რადგან სურსათთან ერთად წამლის ფასიც სამთავრობო კომისიის კვლევის საგანი გახდა, საინტერესოა სად ვყიდულობთ მედიკამენტებს, რომელიც შემდეგ საქართველოს სააფთიაქო ქსელში იყიდება. როგორც ირკვევა, საქართველოში მედიკამენტების იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, რომ გასულ წელს საქართველომ 680 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დაფასოებული სამკურნალო საშუალებები შეიძინა საზღვარგარეთ, რაც ბოლო 17 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 9.5%-ით. რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, საგარეო ვაჭრობის პორტალის მიხედვით, საქართველოში დაფასოებული სამკურნალო საშუალებების მთავარი იმპორტიორი თურქეთია, საიდანაც თითქმის 172 მილიონი დოლარის წამლები შემოვიტანეთ, შემდეგ მოდის გერმანია, უნგრეთი, შვეიცარია და და საფრანგეთი.