“ქართული ოცნების” დაანონსებულ განათლების რეფორმას სტუდენტების პროტესტი მოჰყვა - Palitra News

“ქართული ოცნების” დაანონსებულ განათლების რეფორმას სტუდენტების პროტესტი მოჰყვა

2026-01-30 09:21:25+04:00

“ქართული ოცნების” დაანონსებულ განათლების რეფორმას სტუდენტების პროტესტი მოჰყვა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და მათი მხარდამჭერები თავდაპირველად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ და რექტორ ჯაბა სამუშიასთან შეხვედრა მოითხოვეს. მოგვიანებით, დემონსტრანტებმა მარშით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები ახალ ინიციატივას აპროტესტებდნენ, რომელიც ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას გულისხმობს. შეკრებილი მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ “ქართული ოცნება” ახალგაზრდებს განათლების მიღებაში ხელს უშლის. მათი თქმით, სტუდენტების პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე რექტორთან შეხვედრა არ შედგება. როგორც ცნობილია, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაფართოებული სხდომაც ჩატარდა.