მთავრობის მიერ განათლების სფეროში დაგეგმილმა ცვლილებებმა, განსაკუთრებით კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილებამ, სტუდენტებისა და პროფესორების პროტესტი გამოიწვია. უკვე მეორე დღეა, ორივე უნივერსიტეტის ეზოებში საპროტესტო აქციები გრძელდება. აკადემიური საზოგადოების ნაწილი აცხადებს, რომ ეს ინიციატივა სერიოზულ რისკებს შეიცავს და ტექნიკური უნივერსიტეტის ფაქტობრივ გაუქმებას ნიშნავს. მათივე შეფასებით, საფრთხე ექმნება უნივერსიტეტის თვითმყოფადობასა და სასწავლო პროცესს. ხელისუფლების წარმომადგენლები კი განმარტავენ, რომ გაერთიანება განათლების სისტემის გაძლიერებას და რესურსების ეფექტიან მართვას ემსახურება.