საქართველოში ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება პოლიტიკური განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანია. ეუთო-ს წევრი 24 ქვეყნის გადაწყვეტილებით, საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომაროების შესწავლის პროცესი დაიწყო. მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლებას დასამალი არაფერი აქვს. მათი თქმით, მზად არიან ექსპერტებთან სრულად ითანამშრომლონ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი აცხადებენ, რომ მექანიზმს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ყურადღების ზრდა მოჰყვება. მათი შეფასებით, მომზადებულმა ანგარიშმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე. ოპოზიცია არ გამორიცხავს სანქციებისა და სხვა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას. პროცესს ისინი მნიშვნელოვან საერთაშორისო სიგნალად აფასებენ.