ტურინში სოციალური ცენტრის დახურვისა და ცენტრიდან გამოსახლების წინააღმდეგ აქცია დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. იტალიური მედიის თანახმად, ტურინში დაახლოებით 20 000 დემონსტრანტი შეიკრიბა, მათ შორის პალესტინის მომხრე მომიტინგეები და ძალადობრივი ჯგუფი, რომლის რიცხვი, სავარაუდოდ, 600-დან 700-მდე იყო. ათასზე მეტი პოლიციელის განლაგების მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა პოლიციის ერთი სატვირთო მანქანა დაწვეს, მეორე კი დააზიანეს. დემონსტრანტები პოლიციას ქვებს, სხვადასხვა ნივთს და პიროტექნიკას ესროდნენ. მედიის ცნობით, პოლიციამ ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით უპასუხა, თუმცა თითქმის ორი საათი დასჭირდა აქციის ყველაზე აგრესიული მონაწილეების გასანეიტრალებლად. იტალიური მედია წერს, რომ 100-ზე მეტი სამართალდამცველი დაშავდა. მედიის ცნობით, ერთ-ერთი მათგანი ალყაში მოაქცია თორმეტმა ნიღბიანმა მომიტინგემ. იტალიური მედიის თანახმად, სამართალდამცველს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ჩაქუჩი ჩაარტყეს. დაშავებული პოლიციელები მოგვიანებით ტურინის საავადმყოფოში იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ მოინახულა.