თუ პირი ადმინისტრაციული წესით დაკისრებულ ჯარიმას არ ჩაიბარებს, ეს გადაწყვეტილება გამოქვეყნდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და მისი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება. თბილისის მერმა ამ ცვლილების მიზეზად ის გავრცელებული პრაქტიკა დაასახელა, რომელიც ცხადყოფს, რომ ხშირია შემთხვევა, როდესაც სამართალდამრღვევი გამოწერილ ჯარიმას მიზანმიმართულად არ იბარებს და შესაბამისად თავს არიდებს მის გადახდას. შესაბამისად, რთულია მისი აღსრულებაც. ამიტომ მერიამ მიმართა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების განსახორციელებლად. კანონი უკვე მიღებულია და მისი აღსრულებაც დაიწყება. მოკლედ, კიდევ ერთხელ, ამიერიდან თუ პირი ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს დადგენილი წესით, ეს გადაწყვეტილება გამოქვეყნდება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და მისი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ჩაითვლება ჩაბარებულად. სრული პროცედურა კი ასეთია ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება, პირველ რიგში ეგზავნება საჩივრის ავტორს, საჩივარში მითითებულ მისამართზე. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება ვერ ჩაბარდა ავტორს, ის უკვე გამოქვეყნდება ოფიციალურ ვებგვერდზე - Decisions.tbilisi.gov.ge. გადაწყვეტილება ჩაბარებულად მიიჩნევა ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. თბილისის მერი ფიქრობს, რომ ეს ცვლილება მაქსიმალურად შეუწყობს ხელს კანონის აღსრულებას და არაკეთილსინდისიერი დამრღვევისთვის პრევენციული ხასიათის იქნება.