მაკა ბოჭორიშვილი - ხშირად ვაწყდებით უსამართლო მოპყრობას ჩვენი მტკიცე, პრინციპული პოზიციების გამო - სუვერენული სახელმწიფოების ურთიერთობა არ უნდა განისაზღვრებოდეს ბრიუსელიდან - Palitra News

მაკა ბოჭორიშვილი - ხშირად ვაწყდებით უსამართლო მოპყრობას ჩვენი მტკიცე, პრინციპული პოზიციების გამო - სუვერენული სახელმწიფოების ურთიერთობა არ უნდა განისაზღვრებოდეს ბრიუსელიდან

2026-02-09 22:22:36+04:00

ჩვენ ვიზიარებთ საერთო ძალისხმევას მშვიდობის მიმართ და ვხედავთ ომის დამანგრეველ შედეგებს ევროპაში. ეს ნათლად აჩვენებს პასუხისმგებლიანი და ფრთხილი პოლიტიკის მნიშვნელობას, რომელიც მიზნად ისახავს შემდგომი არასტაბილურობის თავიდან აცილებას და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთში, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, სუვერენული სახელმწიფოების ურთიერთობა არ უნდა განისაზღვრებოდეს ბრიუსელიდან.

„მადლობას გიხდით გულთბილი მასპინძლობისთვის ამ შესანიშნავ ქალაქში. ყოველთვის სასიამოვნოა ამ ქალაქში სტუმრობა და თქვენთან შეხვედრა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა. ჩვენი ქვეყნები მხოლოდ მეგობრები არ არიან, არამედ ჩვენ გვაერთიანებს სტრატეგიული მიზანი, რომელზეც ვისაუბრეთ. ჩვენ გვაერთიანებს ერთობლივი ძალისხმევა მშვიდობისა და საერთო ღირებულებებისადმი, რომლებსაც თავის დროზე დაეფუძნა ევროკავშირი და რომელსაც დღეს დიდი საფრთხე ექმნება ევროპის მასშტაბით.

პირველ რიგში, მსურს, გულწრფელი მადლობა გამოვხატო უნგრეთის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის.

სუვერენიტეტის დაცვა დღევანდელ გამოწვევებით სავსე სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საქართველოს მთავრობაც და უნგრეთის მთავრობაც აშკარად აცნობიერებენ იმ რისკებს, რომლებიც მოდის და უკავშირდება სუვერენიტეტზე თავდასხმას და საჭიროებს მის მტკიცედ დაცვას, მიუხედავად იმ ხშირი კრიტიკისა, რომელსაც ვიღებთ ჩვენი სუვერენული უფლებების დაცვის დროს. ერთობლივი ძალისხმევა, რომ დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი საერთო მომავლისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ერთმანეთთან დაკავშირებული.

ჩვენ ასევე ვიზიარებთ საერთო ძალისხმევას მშვიდობის მიმართ და ვხედავთ ომის დამანგრეველ შედეგებს ევროპაში. ეს ნათლად აჩვენებს პასუხისმგებლიანი და ფრთხილი პოლიტიკის მნიშვნელობას, რომელიც მიზნად ისახავს შემდგომი არასტაბილურობის თავიდან აცილებას და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას.

საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს მშვიდობაზე ორიენტირებულ ძალისხმევასა და პოლიტიკას. ჩვენს მთავრობებს აერთიანებთ ტრადიციული ღირებულებების დაცვა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ გვაერთიანებს საერთო, მტკიცე გადაწყვეტილება, რომ დავიცვათ კონსერვატიული ღირებულებები, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ერების ჯანსაღი და მდგრადი მომავლის განვითარებისთვის. ეს არ არის ადვილი ამოცანა დღევანდელ სამყაროში და ხშირად ვაწყდებით უსამართლო მოპყრობას ჩვენი მტკიცე, პრინციპული პოზიციების გამო. სუვერენული სახელმწიფოების ურთიერთობა არ უნდა განისაზღვრებოდეს ბრიუსელიდან.

მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო უნგრეთს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის. თქვენ ის გაბედული მინისტრი ხართ, რომელიც თამამად ეწინააღმდეგება ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხის ინსტრუმენტალიზაციას და დასჯის იარაღად გამოყენებას სწორედ ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებებისა და ინტერესების საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოსა და უნგრეთის ურთიერთობები ძალიან კარგად ვითარდება - “უკვე ძალიან სოლიდური და მტკიცეა“.

„დავნერგეთ უმაღლესი დონის თანამშრომლობა პრემიერ-მინისტრების დონეზე და ჩვენ გვაქვს შეხვედრები ყოველწლიურად, რაც განსაზღვრავს თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ვიჩენთ ძალისხმევას, რომ ვითანამშრომლოთ საერთო ინტერესების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი მუშაობა და მუდმივი თანამშრომლობა ჩვენი სუვერენიტეტის დასაცავად. ეს ყველას არ სიამოვნებს, თუმცა ეს არის ჩვენი საერთო ინტერესი და მისი დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს უკავშირდება ჩვენს უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და ეს უკავშირდება ჩვენს მომავალს, მომავალ თაობას. სწორედ ასე ვხედავთ ჩვენ ამას. ჩვენ ვიზიარებთ ჩვენი უნგრელი მეგობრების მოსაზრებას. ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო ძლიერია, როდესაც გვაქვს საერთო ღირებულებები, ინტერესები და საერთო იდეები. ცხადია, მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ახლოა ქართული აზროვნებისთვის, გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია, დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება. სწორედ ამისთვის ვიბრძვით, სწორედ ამის მხარეს ვდგავართ და მადლიერები ვართ ჩვენი უნგრელი მეგობრების, ისინიც სწორედ ამ იდეას და მის მნიშვნელობას იზიარებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობისთვის ბრძოლა და მშვიდობის მიმართულებით მუშაობა ევროპაში. ცხადია, ჩვენს მეგობრობასა და თანამშრომლობას ძალიან ბევრი რამ აძლიერებს და კიდევ განვაგრძობთ მუშაობას ამ მიმართულებით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, უნგრეთისა და საქართველოს პარტნიორობა ორივე ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება და ევროპის უფრო ფართო უსაფრთხოებას, კეთილდღეობას უწყობს ხელს.

„მსურს, მოკლედ შევეხო ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის საკითხს. ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ძალიან კარგად ვითარდება. ჩვენი მთავრობები ძალიან კარგად თანამშრომლობენ სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენი პარტნიორობა ორივე ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება და ევროპის უფრო ფართო უსაფრთხოებას, კეთილდღეობას უწყობს ხელს. საქართველოს როლი, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ხიდის, შეუცვლელია და მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით, თანამშრომლობით შეიძლება ჩვენი საერთო ინტერესების ეფექტურად დაცვა. ასევე, მსურს, მადლობა გადაგიხადოთ ქართველი საჯარო მოხელეების მხარდაჭერისთვის. გასული წლის შემოდგომაზე 50-მდე საჯარო მოხელეს ჰქონდა შესაძლებლობა, უნგრეთის გამოცდილება გაეზიარებინა, რისთვისაც პირადად გიხდით თქვენ მადლობას. ჩვენი მიზანია სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერება და გაღრმავება. ეს თანამშრომლობა მყარ საფუძველზე დგას და გამყარებულია მაღალი დონის მთავრობათაშორისი თანამშრომლობით. მოუთმენლად ველოდებით უნგრეთის მთავრობის საქართველოში ვიზიტს. კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებას, მადლობას გიხდით მეგობრობისთვის, მხარდაჭერისა და შესანიშნავი თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.