ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა 15 თებერვალს საპროტესტო აქცია დააანონსეს - Palitra News

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა 15 თებერვალს საპროტესტო აქცია დააანონსეს

2026-02-12 20:43:11+04:00

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილმა სტუდენტებმა 15 თებერვალს, 15:00 საათზე განათლების რეფორმის საწინააღმდეგო აქცია დააანონსეს.

შეკრებილი სტუდენტები ითხოვენ, “განათლების რეფორმის უკან გაწვევას, უნივერსიტეტების ავტონომიურობის ხელშეუხებლობას და სრულფასოვანი განათლების უფლებას”.

“დღეს “ქართულმა ოცნებამ” კვლავ გადადგა ანტიეროვნული ნაბიჯი და სახელმწიფო უნივერსიტეტებს ჩამოართვა პროგრამების უმრავლესობა, მათ შორის, ილიაუნისაც, რაც ფაქტობრივად ყველა მათგანის დახურვას ნიშნავს. ამ გადაწყვეტილებით საფრთხე ემუქრება უნივერსიტეტების ღირებულებას, იდენტობას და ილიასეულ თავისუფლებისკენ სწრაფვის იდეას.

შეკრებილი სტუდენტები ვითხოვთ, ე.წ. რეფორმის უკან გაწვევას, უნივერსიტეტების ავტონომიურობის ხელშეუხებლობას და სრულფასოვანი განათლების უფლებას.

ასევე მოვუწოდებთ, პროფესორ-მასწავლებლებსა და აკადემიურ პერსონალს დაუმორჩილებლობისკენ - არ შეცვალოთ არსებული კურიკულუმები, ყველა შესაძლო ხერხით გააპროტესტეთ პროგრამების გაუქმების საკითხი . სტუდენტებო, ჩვენ ვართ გვერდიგვერდ, ჩვენს უკან არიან ჩვენი მშობლები , ოჯახები და საქართველოს წარსული.

კვირას, 15:00 საათზე, ვიკრიბებით “დედაენის ბაღში”, დედაენის მონუმენტთან. ძალა სტუდენტების ერთობაშია! დამხობა რეჟიმს ფა თავისუფლება სინდისის ტყვეებს!”,- განაცხადეს სტუდენტებმა.