ირაკლი კობახიძე - თუ კონკრეტული პირების ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას, ამ შემთხვევაში უნდა იმოქმედოს კანონმდებლობამ - Palitra News

ირაკლი კობახიძე - თუ კონკრეტული პირების ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას, ამ შემთხვევაში უნდა იმოქმედოს კანონმდებლობამ

2026-02-16 13:37:47+04:00

რუსეთის გარდა კიდევ ოთხი საერთაშორისო სუბიექტია, რომელიც არ აღიარებს ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას და ასევე არიან ქვეყნის შიგნით ექსტრემისტული ძალები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის 100%-ზე არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას. ერთ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ოკუპაციის შესახებ კანონი და ახლა მიიღება მეორე კანონი, რომელიც დაუპირისპირდება კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ საბოტაჟსა და ექსტრემიზმს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო ორგანოების ლეგიტიმაციის შესახებ საკანონმდებლო ჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, 2024 წლის არჩევნები აბსოლუტურად ლეგიტიმურად ჩატარდა და როდესაც არ გაქვს საწინააღმდეგო მიმართულებით მტკიცებულებები, თუმცა აგრძელებ საბოტაჟს, ამას უნდა დაუპირისპირდეს კანონმდებლობა.

„ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური წყობილება, კონსტიტუციური წესრიგი, რომელიც უნდა იყოს მკაცრად დაცული. ამას უზრუნველყოფს კონსტიტუცია და ეს დამატებით უნდა უზრუნველყოს კანონმდებლობამ. თუ კონკრეტული პირების ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას, ამ შემთხვევაში უნდა იმოქმედოს კანონმდებლობამ.

რუსეთის გარდა კიდევ ოთხი საერთაშორისო სუბიექტია, რომელიც არ აღიარებს ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას და ასევე არიან ქვეყნის შიგნით ექსტრემისტული ძალები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის 100%-ზე არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას. ერთ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ოკუპაციის შესახებ კანონი, რომელიც უპირისპირდება პირველ პრობლემას, ახლა მიიღება მეორე კანონი, ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც დაუპირისპირდება მეორე პრობლემას - კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ საბოტაჟსა და ექსტრემიზმს. პირველ რიგში, როდესაც საუბარია არჩევნების ლეგიტიმაციაზე, თქვენ გახსოვთ როგორ წარიმართა პროცესები ჯერ 2020 წელს, შემდეგ 2024 წელს, მანამდე 2016-შიც იყო იგივე პროცესები. 2020 წელს აცხადებდნენ, თითქოს არჩევნები იყო გაყალბებული და შემდეგ „გაყალბებულ პარლამენტში“ მთელი ოპოზიცია „შელაგდა“, როდესაც ხელი მოეწერა ე.წ. „მიშელის შეთანხმებას“. აღმოჩნდა, რომ არ ყოფილა არჩევნები გაყალბებული და არც პარლამენტი ყოფილა ყალბი. იგივე ხდება 2024 წლის შემთხვევაში. ეუთო/ოდირმა თქვა, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და არჩევნები შედგა. ეუთო/ოდირმა არჩევნების შემდეგ ისაუბრა შემდგარ ინსტიტუტებზე, შემდგარ პარლამენტზე, ძალიან მკაფიოდ იყო ეს ნათქვამი. არჩევნები ჩატარდა ლეგიტიმურად, როდესაც არავითარი მტკიცებულება არ გაქვს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და მაინც აგრძელებ საბოტაჟს და მაინც აგრძელებ ექსტრემიზმს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, ამას უნდა დაუპირისპირდეს კანონმდებლობა“, - განაცხადა კობახიძემ.