რუსეთმა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ტექნიკურ სამდივნოს გაუგზავნა ნოტა, რომელშიც კატეგორიულად უარყოფს მის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ გაჟღერებულ ყველა ბრალდებას ალექსეი ნავალნის ტოქსინ ეპიბატიდინით მოწამვლასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ორგანიზაციაში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვლადიმერ ტარაბრინმა რუსულ მედიას განუცხადა.
„შესაბამისი ნოტა გავუგზავნეთ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ტექნიკურ სამდივნოს, მოთხოვნით, რომ ის ქიმიური იარაღის კონვენციის ყველა მონაწილე სახელმწიფოს გადაეცეს. კატეგორიულად უარვყოფთ ჩვენს მიმართ გამოთქმულ აბსურდულ ინსინუაციებს. ამავდროულად, აღვნიშნეთ, რომ რუსეთი ყოველთვის მზადაა ექსპერტების დონეზე, ფაქტების გათვალისწინებით, არსებითი განხილვისთვის“, - განაცხადა ტარაბრინმა.
მისი თქმით, ტოქსინებთან, მათ შორის ეპიბატიდინთან, დაკავშირებული საკითხები რეგულირდება არა ქიმიური იარაღის კონვენციით, არამედ სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებით - ბაქტერიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის კონვენციით და, შესაბამისად, არ შეიძლება იყოს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში განხილვის საგანი.
ცნობისთვის, გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა, გერმანიამ, შვედეთმა და ნიდერლანდებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა ალექსეი ნავალნი სამხრეთამერიკული ბაყაყის შხამით მოწამლა.
„გაერთიანებული სამეფო, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია და ნიდერლანდები დარწმუნებულები არიან, რომ ალექსეი ნავალნი სასიკვდილო ტოქსინით მოწამლეს. ეს ჩვენი მთავრობების დასკვნაა, რომელიც ალექსეი ნავალნის ნიმუშების ანალიზს ეყრდნობა. ამ ანალიზებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ ადგილი ჰქონდა ეპიბატიდინს,” - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.