საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 80% 10-წელზე მეტი ხნისაა. მოგეხსენებათ, რომ მთავრობა 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებას გეგმავს. ცვლილებების ამოქმედება 1-ელი აპრილიდან არის დაგეგმილი.
საკანონმდებლო პაკეტი შემუშავებულია და წარდგენილია პარლამენტში. ხელისუფლების არგუმენტია, რომ ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა, რაც საფრთხეს უქმნის გარემოს და გზებზე გადაადგილების პრობლემებს ქმნის, ეს კი მნიშვნელოვანი ზომების მიღებას საჭიროებს.
გამონაკლისი გავრცელდება მხოლოდ იმ M1 კატეგორიის ავტომობილებზე, რომელთა ტრანსპორტირება დაწყებულია 1-ელ აპრილამდე ან რომელიც უკვე შემოყვანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. ასეთი ავტომობილების პირველადი რეგისტრაცია არსებული პირობების შესაბამისად 1-ელ აპრილამდე უნდა განხორციელდეს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბოლო მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 1 მილიონ 914 ათასს შეადგენს, ხოლო მომსახურების სააგენტოს ცნობით, რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 2 მილიონს აჭარბებს. აქვე შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ამ დროისთვის 10 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა აკრძალულია. რაც შეეხება რეგისტრირებული ავტომობილების წლოვანებას, „საქსტატის“ მონაცემები აჩვენებს, რომ ქვეყანაში ავტომობილების 80.5% 10 წელზე მეტი ასაკისაა. ამასთანავე, 5-დან 10 წლამდე ასაკის ავტომობილების წილი მთლიან რეგისტრაციებში 13.8%-ს შეადგენდა, 0-დან 5 წლამდე წლოვანების - 5.3%-ს. აღსანიშნავია, რომ დაუდგენელია ავტომობილების 0.4%-ის წლოვანება.