პარლამენტი დღეს, სავარაუდოდ, მეორე მოსმენით დაამტკიცებს საკანონმდებლო პაკეტს ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. ცვლილებების მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება მუხლი, რომელიც კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს დასჯადს გახდის.
მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ ცვლილებები სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვას ემსახურება. ოპოზიცია კი რეპრესიების საფრთხეზე საუბრობს და ინიციატივას კრიტიკული აზრის ჩახშობის მცდელობად აფასებს. პროცესში ჩართულია სახალხო დამცველიც, რომელიც კანონის შესაძლო ნეგატიურ გავლენებზე მიუთითებს და არ გამორიცხავს, რომ საკითხმა საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლოს.