შეთანხმება როგორ აიძულეს [გიორგი ბაჩიაშვილს], აწამებდნენ?! - ეს დაუჯერებელია და ასეთი რამე არ ხდება - მას საპროცესო შეთანხმებისკენ განაჩენების დადგომამდე მოუწოდებდნენ და სასურველი იყო, რომ ეს ყველაფერი მანამდე გაეაზრებინა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა „თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის გათავისუფლებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ის დრო წარსულს ჩაბარდა, როცა ადამიანებს ციხეში აუტანელ პირობებში ამყოფებდნენ და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს ჰქონდა ადგილი".
„კანონმდებლობაში საპროცესო შეთანხმება იყო და დღესაც არის. მას საპროცესო შეთანხმებისკენ განაჩენების დადგომამდე მოუწოდებდნენ. მაშინ, მან ჩათვალა, რომ ქართულ მართლმსაჯულებაზე გარედან შესაძლებელი იყო ისეთი ზეგავლენების მოხდენა, რომ მის მიმართ ასეთი განაჩენი არ დადგებოდა. როცა დარწმუნდა, რომ ქართულ მართლმსაჯულებას ვერავითარი გარე ჩარევა აზრს ვერ შეაცვლევინებდა და დანაშაულზე ვერ ათქმევინებდა, რომ დანაშაული არ მომხდარა, ეტყობა, ეს ყველაფერი გაიაზრა და პირველ შეთავაზებას გაჰყვა. სასურველი იყო, რომ ეს ყველაფერი მანამდე გაეაზრებინა და ეს ნაბიჯები მაშინ გადაედგა, როცა საპროცესო შეთანხმებას სთავაზობდნენ. შეთანხმება როგორ აიძულეს, აწამებდნენ?! ეს დაუჯერებელია და ასეთი რამე არ ხდება. ის დრო წარსულს ჩაბარდა, როცა ადამიანებს ციხეში აუტანელ პირობებში ამყოფებდნენ და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს ჰქონდა ადგილი. ახლა ეს ასე არ არის”, - განაცხადა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილმა, რომელსაც მრავალწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, პენიტენციური დაწესებულება 18 თებერვალს დაატოვა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბაჩიაშვილმა ყველა სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაული აღიარა, აანაზღაურა ზიანი და გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი 2025 წლის მაისში დააკავა. ბაჩიაშვილი მსჯავრდებულია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში. მას ამ საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ბაჩიაშვილი მსჯავრდებულია კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. მას სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვის ვადით აქვს თავისუფლების აღკვეთა მისჯილი.
ასევე, გიორგი ბაჩიაშვილს „მტკვარი ჰესის“ საქმეზე ბრალდება საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.