ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი - სასაცილოა გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლის მოსმენა საერთაშორისო სამართლისა და ოკუპაციის შესახებ - Palitra News

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი - სასაცილოა გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლის მოსმენა საერთაშორისო სამართლისა და ოკუპაციის შესახებ

2026-02-19 13:49:31+04:00

სასაცილოა გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლის მოსმენა საერთაშორისო სამართლისა და ოკუპაციის შესახებ, - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის ელჩის, ვასილი ნებენზიას სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „სიცილისგან თავი ძლივს შეიკავა“.

„პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ სასაცილოა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის მოსმენა საერთაშორისო სამართლის, ოკუპაციის, ტერიტორიის გაფართოებისა და მშვიდობიანად მოგვარების შესახებ“, - განაცხადა გიდეონ საარმა.

გაერო-ში რუსეთის ელჩმა, ვასილი ნებენზიამ სიტყვით გამოსვლისას ისრაელს „ოკუპანტი ძალა“ უწოდა.

„სინანულითა და შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ ისრაელი, როგორც ოკუპანტი ძალა, უშიშროების საბჭოსა და გაერო-ს რეზოლუციებს, ასევე, ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტის მხარდამჭერ ნიუ-იორკის დეკლარაციას არღვევს“, - აღნიშნა რუსეთის ელჩმა.