მხოლოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში 1 მილიარდ 341 მილიონი ლარის ოქრო და სხვა ძვირფასი ლითონია დალომბარდებული.
ეს კი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 37%-ით გაზრდილი მონაცემია. ცნობისთვის, 2024 წელს მისო-ებში დალომბარდებული ოქროს მოცულობა მილიარდ ლარსაც ვერ აღწევდა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ სებ-ში წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, მისო-ებისთვის სალომბარდე კრედიტები ყველაზე შემოსავლიან სეგმენტად ითვლება. მთლიანობაში სალომბარდე სესხები მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელის 78%-ს შეადგენს. 2025 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, მისო-ებს სულ გაცემული აქვთ 1 მილიარდ 893 მილიონი ლარის მოცულობის სესხი, აქედან 1 მილიარდ 476 მილიონი ლარი სალომბარდე სესხებზე მოდის. ამასთან, გასული წლის განმავლობაში ფიზიკური პირების მიერ მისო-ებში როგორც უკვე გითხარით 1 მილიარდ 300 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ოქრო და სხვა ძვირფასი ლითონი იქნდა დალომბარდებული, ასევე დაახლოებით 8,5 მილიონი ლარის უძრავი ქონება და 125 მილიონი ლარის სატრანსპორტო საშუალება. ამასთან, ანგარიშგების თანახმად, 2025 წლის მდგომარეობით, მიკროსაფინანსოების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემულია 1 მილიარდ 800 მილიონი ლარის სესხი, ხოლო იურიდიულ პირებზე - 21 მილიონი ლარის ფარგლებში.