საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.3 პროცენტი შეადგინა. ამავე მონაცემებით გასული წლის IV კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, რაც გულისხმობს სამუშაო ძალის წილს 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 54.4 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე არ შეცვლილა და 47.1 პროცენტი შეადგინა.
2025 წლის IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში არ შეცვლილა და 69.3 პროცენტია. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. ასე მაგალითად ქალებში თუ უმუშევრობის დონე 10.3 პროცენტია, კაცებში 15.6 პროცენტს შეადგენს. თუმცა, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2025 წლის IV კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 44.5 პროცენტს, ხოლო კაცებში 65.5 პროცენტს შეადგენს.