გასულ წელს თბილისში თითქმის 20 000 ბინის მშენებლობა დასრულდა, ხოლო მშენებარე ბინების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა. ამის შესახებ აღნიშნულია „ქოლიერსის“ ბაზრის მიმოხილვაში. 2025 წელს, დედაქალაქში მშენებლობის პროცესში 87 218 ბინა იყო. გასულ წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარმა 2019 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ზრდა აჩვენა და როგორც უკვე გითხარით, 20 ათასი ბინის მშენებლობა დასრულდა. საინტერესოა, რომ თბილისში აქტიური მშენებლობის კუთხით და 23%-იანი წილით საბურთალო ლიდერობს, მას კი 19%-იანი წილით დიდი დიღომი და 18%-იანი წილით სამგორი მოსდევს. პუბლიკაციის მიხედვით, 2025 წელს ახალი პროექტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით შემცირდა, რაც დაკავშირებულია ბანკების მიერ ახალი დეველოპერული პროექტების დაკრედიტების შემცირებასთან. რაც შეეხება დეველოპერულ კომპანიებს, ყველაზე მეტი აქტიური სამშენებლო პროექტითა და 7.8%-იანი წილით Archi Group-ი ლიდერობს. „ქოლიერსის“ კვლევის თანახმად, 2025 წელს წლიურად 3%-ით გაიზარდა საცხოვრებელი ბინების გაყიდვები. კერძოდ, გასულ წელს თბილისში გაყიდულია 42 267 ბინა, ხოლო 2024 წელს ტრანზაქციები 40 881-ს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ გაყიდვების ზრდაში ყველაზე დიდი წილი პირველადი ბაზრის აქტივობამ შეიტანა. ამის პარალელურად, ძველ პროექტებში ტრანზაქციები შემცირებულია, რაც გამოწვეულია არა მოთხოვნის, არამედ მიწოდების კლებით. კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ აღნიშნული კლება გამოწვეულია უცხოელთა მზარდი შემოდინებით, გაქირავების პოტენციალის ზრდითა და ბინების გაყიდვის მოტივის შემცირებით.