ეუთო-ს ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების შესაფასებლად ,,მოსკოვის მექანიზმის” ექსპერტთა მისია უკვე კვირაზე მეტია საქართველოში მუშაობს. ამ დროის განმავლობაში პატრიცია გრჟებიკმა საკვლევი საკითხისთვის საინტერესო საკითხებზე მოსაზრებები მოისმინა, როგორც ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებისგან, ასევე სახალხო დამცველისგან. ადამიანური განზომილების „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დანიშნული მომხსენებლის ძირითადი ფოკუსი 2024 წლის შემოდგომიდან განვითარებულ მოვლენებზეა. ვიდრე მისია საკუთარ შეფასებას გამოაქვეყნებს, იქამდე ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დასკვნებზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება. მიგნებები ევროპის საბჭოსთვის შემაშფოთებელი აღმოჩნდა. მმართველი გუნდისთვის კი ცალმხრივი. ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ დოკუმენტი ახალი სანქციების დაწესების წინაპირობა გახდება.