საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, 26 თებერვალს ჟენევაში აშშ-ირანის მოლაპარაკებები გაიმართება. როგორც მედია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, შეხვედრაზე ბირთვული შეთანხმების შესახებ ირანის დეტალურ წინადადებას განიხილავენ. ანონიმური წყარო აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღნიშნული წინადადების მიღებას სამშაბათისთვის ელოდება. როგორც მედია წერს, აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევა, სავარაუდოდ, უკანასკნელი შანსია, რომელსაც ტრამპი ირანს მისცემს აშშ-ისრაელის მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე. ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა საერთაშორისო მედიას განუცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ და ირანმა, შესაძლოა, ასევე განიხილონ დროებითი შეთანხმების შესაძლებლობა, ვიდრე ბირთვულ შეთანხმებაზე პროგრესს მიაღწევენ. ამავდროულად, ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აშშ-თან გამართულმა ბოლო მოლაპარაკებებმა ირანს დამაიმედებელი სიგნალები მისცა.