საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 1 მარტიდან მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელები ვერ დასაქმდებიან საკურიერო მომსახურებაში, მგზავრთა გადაყვანასა და ტურისტებისთვის გიდის მომსახურებაში. დადგენილება ეხება შრომით იმიგრანტებსა და თვითდასაქმებულ უცხოელებს და განსაზღვრავს საქმიანობების ჩამონათვალს, რომლებზეც წლის განმავლობაში შრომითი უფლება კვოტების ფარგლებში გაიცემა. დოკუმენტში 200 კვოტაა გამოყოფილი ტურისტებისთვის სამთო, ალპური და სათხილამურო გამყოლების მომსახურებაზე. ხელისუფლების განმარტებით, ცვლილება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციის რეგულირებასა და ადგილობრივი შრომის ბაზრის დაცვას.