შეეხება თუ არა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ახალი პაკეტი საქართველოს ყულევის პორტს - Reuters-ისა და რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ყულევის პორტს შესაძლოა ევროკავშირის სანქციები ემუქრებოდეს. აღნიშნულ საკითხს აქტიურად განიხილავენ ქართველი პოლიტიკოსები - მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ ყულევის პორტთან დაკავშირებით ევროკომისიას სრული ინფორმაცია მიაწოდეს. მმართველ პარტიაში ამბობენ, სასანქციო პოლიტიკის დარღვევასთან დაკავშირებით შესაბამისი მტკიცებულება არ არსებობს, შესაბამისად, მათივე შეფასებით, ევროკომისიის მიერ შემუშავებული სანქციების მე-20 პაკეტში საქართველო არ აღმოჩნდება. განსხვავებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციაში - ხელისუფლების ოპონენტთა განცხადებით, ყულევის პორტის დასანქცირება საქართველოს ძალზედ სერიოზულ რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს.