რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ოთხი წელი გავიდა - რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. გაერო-ს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის მონაცემებით, ომის შედეგად 14 999 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის, 763 ბავშვი. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მონაცემები, სავარაუდოდ, არასაკმარისად შეფასებულია და რეალური რაოდენობა მეტია. „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ მონაცემებით, რუსეთი უკრაინის ტერიტორიის 19.4%-ს აკონტროლებს, 2022 წლის თებერვლამდე, სრულმასშტაბიან შეჭრამდე, კი ის უკრაინის თითქმის 7%-ს აკონტროლებდა. ორგანიზაციის შეფასებით, რუსულმა ძალებმა გასულ წელს უკრაინის ტერიტორიის მხოლოდ 0.79% დაიკავეს. გაერო-ს მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ 6 მილიონამდე უკრაინელმა ქვეყანა დატოვა. 4 მილიონამდე ადამიანი კი უკრაინის ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებული პირი გახდა. ომამდე უკრაინის მოსახლეობა 40 მილიონს აჭარბებდა.