ემანუელ მაკრონი - ეს ომი რუსეთისთვის სამმაგი მარცხია: სამხედრო, ეკონომიკური და სტრატეგიული - Palitra News

ემანუელ მაკრონი - ეს ომი რუსეთისთვის სამმაგი მარცხია: სამხედრო, ეკონომიკური და სტრატეგიული

2026-02-24 13:51:17+04:00

ოთხი წლის წინ ევროპა უკრაინაზე რუსული ბომბების ცვენის ხმამ გააღვიძა. რუსეთის მიერ არჩეული აგრესიული ომის ოთხი წელი, საერთაშორისო სამართლის, ხალხის სუვერენიტეტისა და ადამიანის სიცოცხლის აშკარა დარღვევით, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს არის ქალაქების დაბომბვის, სკოლებისა და საავადმყოფოების განადგურების, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიზანმიმართულად დამიზნების, 15 000 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის, ძალადობის, გაუპატიურების, წამების, ომის დანაშაულებისა და ტერორის ოთხი წელი. ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთმა სამხედრო, ეკონომიკური და სტრატეგიული თვალსაზრისით სამმაგი მარცხი განიცადა.

„ეს ომი რუსეთისთვის სამმაგი მარცხია: სამხედრო, ეკონომიკური და სტრატეგიული. მან გააძლიერა ნატო - სწორედ იმ გაფართოებით, რომლის თავიდან აცილებასაც რუსეთი ცდილობდა - გააძლიერა ევროპელები, რომლებზეც იმედოვნებდა, რომ დასუსტდებოდნენ და გამოააშკარავა სხვა ეპოქის იმპერიალიზმის სისუსტე“, - წერს მაკრონი.

მისი თქმით, ერთ დღეს რუსები გააცნობიერებენ მათი სახელით ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, გამოყენებული საბაბების სიცარიელეს და მათ ქვეყანაზე გრძელვადიან, დამანგრეველ შედეგებს.

„მიუხედავად იმისა, რომ კრემლი უკრაინის რამდენიმე დღეში დაპყრობის პირობას დებდა, 2022 წლის ნოემბერში ფრონტის სტაბილიზაციის შემდეგ უკრაინის ტერიტორიის მხოლოდ 1%-ი დაიკავეს. გასულ თვეში უკრაინამ ტერიტორიებიც კი დაიბრუნა. და რა ფასად დაუჯდათ ეს რუსებს? 1.2 მილიონზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიჭრა ან დაიღუპა - ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის სამხედრო დანაკარგების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“, - წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.

მისი თქმით, ამ დანაკარგების გამო რუსეთი მებრძოლების გადაბირებას აფრიკის კონტინენტიდან ცდილობს, რათა ისინი უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნოს.

მაკრონი ხაზს უსვამს, რომ ვინაიდან უკრაინა ევროპის კონტინენტის პირველი თავდაცვის ხაზია, საფრანგეთი და ევროპა მტკიცედ დგანან მის გვერდით.

„რათა უკრაინამ შეძლოს გაუძლოს და რუსეთმა გაიგოს, რომ დრო მის სასარგებლოდ არ მუშაობს. გავაგრძელებთ რუსეთის ომის ეკონომიკის მიზანში ამოღებას: გავაგრძელებთ სანქციების კურსს და გავაგრძელებთ ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ მოქმედებას“, - წერს მაკრონი.