ლევან ნატროშვილი - საერთაშორისო დამკვირვებლებთან დაკავშირებით კანონმდებლობაში დაგეგმილი აკრძალვა, საერთაშორისო სტანდარტს არ ეწინააღმდეგება, მაგრამ შეზღუდვა რიგი საერთაშორისო მისიებისთვის პრობლემებს შექმნის - Palitra News

ლევან ნატროშვილი - საერთაშორისო დამკვირვებლებთან დაკავშირებით კანონმდებლობაში დაგეგმილი აკრძალვა, საერთაშორისო სტანდარტს არ ეწინააღმდეგება, მაგრამ შეზღუდვა რიგი საერთაშორისო მისიებისთვის პრობლემებს შექმნის

2026-02-24 14:21:07+04:00

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) ხელმძღვანელის, ლევან ნატროშვილის განმარტებით, საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი აკრძალვა, რომლის მიხედვით, საერთაშორისო დამკვირვებელი მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძლება იყოს, საერთაშორისო სტანდარტს არ ეწინააღმდეგება, მაგრამ აღნიშნული შეზღუდვა რიგი საერთაშორისო მისიებისთვის გარკვეულ პრობლემებს შექმნის.

როგორც ნატროშვილმა “ინტერპრესნიუსთან“ განმარტა, არ არსებობს პირდაპირი, სავალდებულო ნორმა ქვეყნებისთვის, რომ აკრძალონ ან პირიქით, დაუშვან ადგილობრივი მოქალაქეები საერთაშორისო მისიებში. ნატროშვილის თქმით, აღნიშნული კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობაზეა მინდობილი, თუ რა სტანდარტს დაადგენს ამ მიმართულებით.

ნატროშვილის განცხადებითვე, ჯერ კიდევ მოქმედი საარჩევნო კანონი საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ თვალსაზრისით თავისუფლებას აძლევდა. მისივე ინფორმაციით, წინა არჩევნების დროს ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მათ შორის NDI-ის და IRI-ის მისიებში დამკვირვებლებად მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ.

“ჩვენი კანონმდებლობით საკითხი აქამდე იმდაგვარად იყო დარეგულირებული, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებისათვის მოქალაქეობის კუთხით რაიმე შეზღუდვა არ არსებობდა. საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლები საქართველოს მოქალაქეებიც შეიძლება ყოფილიყვნენ.

საერთაშორისო დონეზე არ არსებობს რაიმე სავალდებულო ნორმა, რომელიც პირდაპირ იტყვის, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მისიებში აუცილებლად უცხო ქვეყნის მოქალაქეები უნდა იყვნენ ან პირიქით, იტყვის, რომ ადგილობრივი მოქალაქეებიც შეიძლება იყვნენ. აღნიშნულ საკითხზე - ეს ასე უნდა იყოს თუ ისე - რაიმე სავალდებულო საერთაშორისო ნორმა არ არსებობს, თუმცა არსებობს სტანდარტი, პოლიტიკა, რომელიც ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს აქვს, მაგალითად, როგორიცაა “ეუთო/ოდირი“, გაერო, ევროპის საბჭო, ევროკავშირი, სადაც არის აკრძალვა და პოლიტიკა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი აკრძალვა ამ ორგანიზაციების სტანდარტებს შეესაბამება, თუმცა როგორც უკვე გითხართ, არ არსებობს პირდაპირი, სავალდებულო ჩანაწერი ქვეყნებისთვის, რომ აკრძალონ ან პირიქით დაუშვან ადგილობრივი მოქალაქეები საერთაშორისო მისიებში. როგორც წესი, აღნიშნული მინდობილია კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობაზე, თუ რა სტანდარტს დაადგენს ამ მიმართულებით.

პრაქტიკიდან გამომდინარე, რაც წინა არჩევნებში ზოგიერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მაგალითად NDI-ის, IRI-ის და სხვა ორგანიზაციებს ჰქონდათ, მათ მისიებში დამკვირვებლებად მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ, რაც შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარეობს. ასეთი შემთხვევებისთვის პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტი შემზღუდველი იქნება, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციებს, ვინც არჩევნებში დაკვირვებას გადაწყვეტს, დამკვირვებლებად მხოლოდ უცხო ქვეყნის დარეგისტრირება მოუწევთ. ამიტომ ადამიანური რესურსის მოზიდვის კუთხით მათ შესაძლოა გარკვეული პრობლემები შეექმნათ“, - აცხადებს ლევან ნატროშვილი.

“ქართულ ოცნებას“ ახალმიღებულ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შეაქვს. პარლამენტში ინიცირებული ცვლილებები საერთაშორისო საარჩევნო დამკვირვებლებს ეხება. “საარჩევნო კოდექსში“ ჩაიწერება, რომ საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება იყოს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე - 18 წლის ასაკიდან. პროექტით ასევე განისაზღვრება საერთაშორისო დამკვირვებლების თანმხლები თარჯიმნის რეგისტრაციის პროცედურები.

ამავე ცვლილებების თანახმად, საარჩევნო კომისიის სხდომაზე პირის მიერ სხდომის ფოტოვიდეოგადაღებისა და აუდიო-მონიტორინგის წესი ცესკოს დადგენილებით განისაზღვრება.

“საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების ინიციატორები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი დეპუტატები არიან.

ცნობისთვის, პარლამენტმა 2025 წლის დეკემბერში, “ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული ახალი რედაქციის “საარჩევნო კოდექსი“ მიიღო. ახალი საარჩევნო კოდექსით არჩევნებთან დაკავშირებული მთელი რიგი წესები შეიცვალა და ახლებურად დარეგულირდა.