ირაკლი კირცხალია - სხვა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაში ჩარევას, ბრიტანეთის ხელისუფლებას ერჩივნა, საკუთარი პრობლემებისთვის მიეხედა - მოვლენები ისე ვითარდება, დიდი ბრიტანეთიდან მალე აღარც დიდი დარჩება და აღარც ბრიტანეთი - Palitra News

ირაკლი კირცხალია - სხვა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაში ჩარევას, ბრიტანეთის ხელისუფლებას ერჩივნა, საკუთარი პრობლემებისთვის მიეხედა - მოვლენები ისე ვითარდება, დიდი ბრიტანეთიდან მალე აღარც დიდი დარჩება და აღარც ბრიტანეთი

2026-02-24 15:50:00+04:00

სხვა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაში ჩარევას, ბრიტანეთის ხელისუფლებას ერჩივნა, საკუთარი პრობლემებისთვის მიეხედა, რომელთა ჩამონათვალი ძალზე ვრცელია - დაწყებული ბოლო წლების ეკონომიკური სტაგნაციით და დამთავრებული უმძიმესი მიგრაციული პრობლემებით,- ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების „პოსტვ“-სა და „იმედის“ დასანქცირებას.

როგორც კირცხალია „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, „ბრიტანეთის ხელისუფლება ხელყოფს მედიის თავისუფლებას, რაც „დიფ სთეითის“ ხელწერაა“.

„დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ტელეკომპანიების „იმედისა" და „პოსტივისთვის” სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელიც მის ე.წ. დასაბუთებასთან ერთად იმდენად აბსურდულია, რომ მასზე სერიოზული კომენტარის გაკეთება აზრს მოკლებულია.

აშკარაა, რომ ე.წ. ფეიკის რა სტანდარტიც მოქმედებს BBC-ში, იგივე მოქმედებს ბრიტანეთის ხელისუფლებაშიც. სწორედ ამგვარი პროცესების შედეგია უკიდურესად დაბალი რეიტინგი, რომლითაც დღეს ბრიტანეთის ხელისუფლება საკუთარ ქვეყანაში სარგებლობს. სხვა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაში ჩარევას, ბრიტანეთის ხელისუფლებას ერჩივნა, საკუთარი პრობლემებისთვის მიეხედა, რომელთა ჩამონათვალი ძალზე ვრცელია - დაწყებული ბოლო წლების ეკონომიკური სტაგნაციით და დამთავრებული უმძიმესი მიგრაციული პრობლემებით. მოვლენები ისე ვითარდება, რომ მაღალი ალბათობით, დიდი ბრიტანეთიდან მალე აღარც დიდი დარჩება და აღარც ბრიტანეთი, რის გამოც განსაკუთრებულ შეშფოთებას და სინანულს გამოვხატავთ. ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი თამამად აცხადებს, რომ მის სახელმწიფოს დღეს "დიფ სთეითი“, ანუ ის ძალა აკონტროლებს, რომლის მიერ მართული ხელისუფლება 2007 წლის 7 ნოემბერს საქართველოში ტელეკომპანია „იმედში" შეიჭრა. როგორც ჩანს, ბრიტანეთზე კონტროლის დამყარება "დიფ სთეითს" 2007 წელს უკვე დაწყებული ჰქონდა, რადგან ყველას გვახსოვს, რომ იმ დროს ბრიტანელ ხელისუფალს "იმედის" შესახებ არავითარი კომენტარი არ გაუკეთებია. დღეს კი, ბრიტანეთის ხელისუფლება არა მხოლოდ მედიის თავისუფლების ხელყოფას ამართლებს, არამედ თავადვე ხელყოფს მედიის თავისუფლებას, რაც "დიფ სთეითის" ხელწერაა. ბრიტანელ ხალხს ვუსურვებთ ყოველივე საუკეთესოს. უმძიმესი ტენდენციების მიუხედავად, ვიტოვებთ იმედს, რომ ბრიტანეთი დაიბრუნებს ძველ დიდებას და იმ დროს, როდესაც უდიდესი ისტორიის მქონე ამ სახელმწიფოში ეროვნულ იდენტობას, ტრადიციებს, დემოკრატიულ ღირებულებებს და სიტყვის თავისუფლებას განსაკუთრებული ფასი ჰქონდა“,-წერს ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს. სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იმედი და POSTV „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი“.