ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები - მხოლოდ ბაზრის კვლევით გადაწყვეტა, რა სპეციალობები გვჭირდება, არ არის სწორი - ვაპირებთ, არ გავჩერდეთ - Palitra News

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები - მხოლოდ ბაზრის კვლევით გადაწყვეტა, რა სპეციალობები გვჭირდება, არ არის სწორი - ვაპირებთ, არ გავჩერდეთ

2026-02-24 19:21:26+04:00

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა მიმართულების პროგრამის პროფესორები აცხადებენ, რომ მხოლოდ ბაზრის კვლევაზე დაყრდნობით სპეციალობებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სწორი არ არის.

კერძოდ, პროფესორებმა უნივერსიტეტში სხვადასხვა მიმართულების პროგრამების გაუქმებასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

უნივერსიტეტის პროფესორმა, ემზარ ჯგერენაიამ აღნიშნა, რომ საბჭოთა პერიოდში საქართველოს საგანმანათლებლო სივრცე მონოკულტურული იყო - „ერთი ქალაქი, ერთი უნივერსიტეტი“ - და არსებობს საფრთხე, რომ ეს მოდელი კვლავ შენარჩუნდეს.

მისი თქმით, ერთ ქალაქში მსგავსი სპეციალობების არსებობა აუცილებელია განსხვავებული აკადემიური ხედვებისა და თეორიების განვითარებისათვის.

„ვფიქრობთ, რომ საბჭოთა კავშირში ჩვენი კულტურა იყო მონოკულტურა - ერთი ქალაქი, ერთი უნივერსიტეტი. ვშიშობ, დღეს ამ მოდელში ვრჩებით. თუნდაც ერთ ქალაქში ორი ერთმანეთის მსგავსი სპეციალობის არსებობა იმისთვის არის საჭირო, რომ საფუძველი ჩავუყაროთ შემდგომში განსხვავებული ხედვის მიდგომებისა და თეორიების წარმოშობას, თუ არ იქნება ეს შესაძლებლობა, მაშინ გექნება მონოკულტურა, რომელსაც ჩვენი თაობის საზოგადოება ვიყავით მიჩვეულები.

ილიას უნივერსიტეტში სოციოლოგიის მიმართულება არსებობს მისი დაარსების დღიდან. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ შევძელით მრავალი პროფესორის, კურსდამთავრებულის მომზადება, გამოვეცით მრავალი ნაშრომი, სახელმძღვანელო და ეს არის ჩვენი წვლილი. ჩვენი კურსდამთავრებულები მუშაობენ კვლევით ცენტრებში.

უნივერსიტეტი არ უნდა იყოს მიბმული ბაზაზე. უნივერსიტეტის იდეა გულისხმობს ფართო განათლების მქონე ინტელექტუალური ადამიანის აღზრდას და მისთვის ასპარეზის მიცემას. მხოლოდ ბაზრით გადაწყვეტა იმისა თუ რა სპეციალობები გვჭირდება, ეს არ არის სწორი. ვაპირებთ, რომ არ გავჩერდეთ და დავარწმუნოთ ყველა, რომ სოციოლოგიის მიმართულების გაუქმება არ მოუტანს კარგ შედეგს არც ქვეყანას და არც საზოგადოებას",- განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.

ფსიქოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების ასოცირებულმა პროფესორმა, ია შეყრილაძემ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში გაუქმდა ფსიქოლოგიის მიმართულების ყველა პროგრამა, მიუხედავად იმისა, რომ ილიას უნივერსიტეტი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი წამყვანი იყო ფსიქოლოგების მომზადების კუთხით.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სამაგისტრო პროგრამა, რომელიც პრაქტიკოს ფსიქოლოგებს სამ ძირითად მიმართულებაში ამზადებდა.

„მოგეხსნებათ, რომ ილიას უნივერსიტეტში გაუქმდა ფსიქოლოგიის მიმართულების ყველა პროგრამა. ეს შემაშფოთებელია იმის გათვალისწინებით, რომ ილიას უნივერსიტეტი ქვეყნის მასშტაბით იყო წამყვანი უნივერსიტეტი, რომელიც ყველაზე ბევრ ფსიქოლოგს ამზადებდა, ხოლო, მისი სამაგისტრო საფეხური, ამზადებდა პრაქტიკოს ფსიქოლოგებს სამი მნიშვნელოვანი მიმართულებით.

ამ პროგრამების გაუქმება იქნება ძალიან დიდი ზარალი არა მარტო ილიას უნივერსიტეტისთვის, არამედ საქართველოს მოქალაქეებისთვის“,- განაცხადა ფსიქოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების ასოცირებულმა პროფესორმა, ია შეყრილაძემ.