„მედინას“ დირექტორის განცხადებით, ახალშობილის მდგომარეობა, რომელიც სანიტარმა საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი მისი მკვლელობა სცადა, „უკეთესად შეიძლება შეფასდეს“, თუმცა შესაძლოა, ოპერაციები კიდევ დასჭირდეს - Palitra News

„მედინას“ დირექტორის განცხადებით, ახალშობილის მდგომარეობა, რომელიც სანიტარმა საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი მისი მკვლელობა სცადა, „უკეთესად შეიძლება შეფასდეს“, თუმცა შესაძლოა, ოპერაციები კიდევ დასჭირდეს

2026-02-25 10:43:50+04:00

ბათუმის კლინიკა „მედინას“ დირექტორის ჯუმბერ უნგიაძის განცხადებით, ახალშობილის მდგომარეობა, რომელიც სანიტარმა საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი მისი მკვლელობა სცადა, „უკეთესად შეიძლება შეფასდეს“, თუმცა ის კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც ჯუმბერ უნგიაძე „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ახალშობილის ძვლოვანი სისტემა არის გამოსაკვლევი, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი გადაადგილება არ შეიძლება.

„დღეისათვის ახალშობილის მდგომარეობა უკეთესად შეიძლება შეფასდეს, თუმცა წინ უამრავი პრობლემები გვაქვს, შესაძლოა, ოპერაციები კიდევ დასჭირდეს. კომპიუტერულ ტომოგრაფიას ჯერჯერობით ვერ ვაკეთებთ, რადგან ახალშობილის გადაადგილება არ შეიძლება. ხელოვნურ სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. დღეს ვფიქრობთ, რომ გადასხმით კვება დავიწყოთ.

არ გამოვრიცხავთ, შესაძლოა, კისერიც დაზიანებული ჰქონდეს, ჩვენ როდესაც ვნახეთ დიდი ტრავმა ჰქონდა მიღებული.

თავის ქალის ძვლებზე ორ ადგილას ხაზოვანი მოტეხილობა ფიქსირდება. არ ვიცით, რეალურად რა მოხდა საპირფარეშოში სადაც ქალბატონმა იმშობიარა, შესაძლოა, ბავშვი დაუვარდა. მოკლედ მთლიანი ძვლოვანი სისტემა გამოსაკვლევია“, - აცხადებს ჯუმბერ უნგიაძე.

შეგახსენებთ, ბათუმის კლინიკა „მედინაში“ კლინიკის სანიტარმა კვირას გამთენიისას საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს ყელის არეში დაზიანებები მიაყენა. მას ბათუმის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11.პრიმა 19.109 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ახალშობილი წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.