შალვა პაპუაშვილი - ბრიტანეთს თავს აფარებს კეზერაშვილი და ხაზარაძე, ორი პარტიული მედიის მფლობელი უზით თავისთან, ბრიტანეთის ელჩი კი აქ კომენდანტადაა დანიშნული, საგარეო უწყების ადგილას, მას დავიბარებდი - Palitra News

შალვა პაპუაშვილი - ბრიტანეთს თავს აფარებს კეზერაშვილი და ხაზარაძე, ორი პარტიული მედიის მფლობელი უზით თავისთან, ბრიტანეთის ელჩი კი აქ კომენდანტადაა დანიშნული, საგარეო უწყების ადგილას, მას დავიბარებდი

2026-02-25 12:49:36+04:00

რუსეთი 105 წლის წინ თავს დაესხა საქართველოს იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო არ მოსწონდა და უნდოდა შეეჩერებინა ჩვენი სახელმწიფოს არსებობა, ხოლო ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას იმისთვის, რომ შეაჩეროს თავისუფალი სიტყვა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ტელეკომპანიების დასანქცირებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, „იმედი“ არის ტელეკომპანია, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის 40% ენდობა, ზუსტად ამიტომ უნდათ, რომ გააჩუმონ მართალი სიტყვა“.

„105 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს. 105 წლის თავზე ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას. მგონი, ეს პარალელი ძალიან ცხადია და ცხადია მისი შინაარსიც. რუსეთი 105 წლის წინ თავს დაესხა საქართველოს იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო არ მოსწონდა და უნდოდა შეეჩერებინა ჩვენი სახელმწიფოს არსებობა, ხოლო ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას იმისთვის, რომ შეაჩეროს თავისუფალი სიტყვა. ეს არის მთავარი საკითხი. არაფერს ვიტყვი იმ შინაარსზე, რაც ჰქონდათ, აბსოლუტური სისულელე, რომ როგორ თუ ტელევიზიაში ითქვა, უკრაინა არის კორუმპირებული სახელმწიფოო. დიახაც, კორუმპირებული კი არა ზეკორუმპირებულია. ნახეთ, ერთმანეთის დაჭერაზე არიან გადასულები.

რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არ ანაღვლებს დეზინფორმაცია ბრიტანეთს. ბრიტანეთში თავს აფარებს კეზერაშვილი, „ფორმულას“ პატრონი და ხაზარაძე „ტვ პირველის“ პატრონი და დამფინანსებელი. ორი ყველაზე პროპაგანდისტული დეზინფორმაციული ტელეკომპანიის, პარტიული მედიის მფლობელები უზის [ბრიტანეთის მთავრობას] თავისთან და მეორე სულ ახლახან აპირებდა ბრიტანეთი დაეფინანსებინა არათუ პროპაგანდისტული დეზინფორმაცია, პარტიული კედლის გაზეთი „ტაბულა“, პარტიული მედია, მაგრამ ვერ შეძლო და დღემდე მალავს ბრიტანეთის ელჩი აქამდე ჰქონდა თუ არა მას დაფინანსებული „ტაბულა“. ასე რომ, დაივიწყეთ, არანაირი ღირებულებები არ არსებობს. მგონი, დაგვანახა თანამედროვე სამყარომ და ამერიკელებმა ყველაზე კარგად დაგვანახეს ბრიტანელების და ევროპელების სახე და მთელი სიყალბე, ფარისევლობა ბრიტანელების და ევროპელების, თითქოს რაღაც ღირებულებებზე დგანან. 12 ათასი კაცი ჰყავთ დაჭერილი იმის გამო, რომ კომენტარი არ მოეწონათ ვიღაცის. ასე რომ, ეს ყველაფერი არის ფარისევლობა.

„იმედი“ არის ტელეკომპანია, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის 40% ენდობა. ზუსტად ამიტომ უნდათ, რომ გააჩუმონ მართალი სიტყვა. როცა ბრიტანეთი მართალ სიტყვას ებრძვის, ეს არის ყველაზე კარგი ლუსტრაცია რასთან გვაქვს საერთოდ საქმე. ეს ზღაპრები ბრიტანეთის ელჩმა მოუყვეს საელჩოში თავის თანამშრომლებს უნდა ქართულად, უნდა ინგლისურად. ამ ზღაპრების არავის სჯერა. ჩვენ ვიცით რაც უნდათ. ეს არის თავდასხმა. 105 წლის თავზე თავს ესხმიან თავისუფალ ქართულ მედიას. ეს არის ჰიბრიდული ომის ტაქტიკები, რომელსაც ახლა პირდაპირ იყენებს ბრიტანეთის ხელისუფლება ქართველი ხალხის წინააღმდეგ. 4 წელია სხვა რამ კი არ ხდება, 4 წელია ამას ვუყურებთ. როგორც 4 წელი ვერ გადაგვადგმევინეს ნაბიჯი საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, ასე ვერ გადაადგმევინებენ ვერავის ნაბიჯს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ბრიტანეთს ქართულ მედიასაშუალებებზე ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა მიაწოდა.

„თქვენ რა გგონიათ, რომ ბრიტანეთის მთავრობის წევრები უყურებენ ქართულ მედიას? - არა თქმა უნდა, ჰყავთ მეხუთე კოლონა საქართველოში. ხომ ამბობდით ვინ ატარებს საქართველოში უცხო ძალების ინტერესებსო? ახლა ვინც ეს საქმე შეკერა, თავისუფალი ქართული მედიის წინააღმდეგ, ეს ხომ ის ქართველები არიან, ეს „გიგაურები“, „კინწურაშვილები“ და ა.შ, რომლებიც ისხდნენ ბნელ ოთახებში ფარან ჩართულები და კერავდნენ საქმეებს თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. ხომ გაინტერესებდათ, რას ნიშნავს უცხო ძალების ინტერესების გატარება, ეს არის, როცა 40%-იანი ნდობის მქონე თავისუფალ ტელევიზიის წინააღმდეგ კერავ საქმეს, ქართული გვარ -სახელის მქონე ადამიანი, მაშინ ხარ ზუსტად უცხო ძალის ინტერესის შემსრულებელი. [საელჩოში] ქართული ერთი ელჩმა იცის დამტვრეული, ვინ უყურებს სხვა? ხომ ქართველები არიან?!

რაც 105 წლის წინ გააკეთეს ბოლშევიკებმა, დახურეს მედია, დახვრიტეს ხალხი, ამას აკეთებს ზუსტად ის მეხუთე კოლონა. როგორც აღმოჩნდა, ფაქტობრივად, ბრიტანეთის ელჩის სახით გვყავს ცენზორი დანიშნული, რომელსაც უნდა ჰკითხოთ, რას ნიშნავს მათი გადაწყვეტილება. ფაქტია, რომ ეს არის თავისუფალ ქართულ მედიაზე თავდასხმა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის 105 წლის თავზე. ვიმოქმედებთ საჭიროების მიხედვით. ბრიტანეთის ელჩი აქაა და შეგიძლიათ კითხოთ, ვის რა ევალება, დანიშნულია აქ კომენდანტად. საგარეო საქმეთა სამინისტროს ადგილას მე დავიბარებდი ელჩს. ამის გამო არა ოღონდ, იმ განცხადების გამო, გუშინ რაც წამოსცდა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს. სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "იმედი" და POSTV „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი“.