ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს - Palitra News

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს

2026-02-25 13:16:32+04:00

სამწუხაროდ, საქართველოში ვითარება უარესდება და ეს ძალიან სწრაფად ხდება, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშის წარდგენისას ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.

„საქართველოში არსებული ვითარების შესახებ კომისიის 2025 წლის ანგარიშზე უკეთ ვერ ვიტყვი. საქართველოს შესახებ 2025 წლის ანგარიში აღწერილია, როგორც ყველაზე ცუდი, რაც კი გაფართოების ისტორიაში კანდიდატი ქვეყნისთვის მომზადებულა. ასევე, ევროპული საბჭოს 2024 წლის 19 დეკემბრის დასკვნების თანახმად, საქართველო კანდიდატი ქვეყანა ახლა მხოლოდ სახელით არის დარჩენილი“, - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

მისი თქმით, საქართველოს შესახებ ახალ ანგარიშის პროექტში აქცენტი ბოლოდროინდელ მოვლენებზე გაკეთდა.

„ღრმა იმედგაცრუებით აღვნიშნავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროპული გზა არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად საპირისპიროთი შეცვალა. უკუსვლა დაფიქსირდა 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით, რაც კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირობა იყო. მიუხედავად განცხადებებისა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია კვლავ სტრატეგიულ მიზნად რჩება, უმაღლესი თანამდებობის პირები და მთავრობასთან დაკავშირებული მედია სისტემატურ ანტიევროპულ კამპანიას აწარმოებენ. ამ ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული მიზნობრივი სანქციების დაწესების მნიშვნელობა ბიძინა ივანიშვილისა და იმ პირების წინააღმდეგ, რომლებსაც პასუხისმგებლობა ეკისრებათ დემოკრატიულ უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პოლიტიკური ოპონენტების სისხლისსამართლებრივ დევნაზე“, - აღნიშნა რასა იუკნევიჩიენემ.